საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია: "მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში"

29-30 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიეტუვა) და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (საქართველო) აწყობს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში.

 

კონფერენციის მიზანია, განიხილოს და ერთიან კონცეფციად ჩამოაყალიბოს ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტთა ნააზრევი მეორე ენის სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების თაობაზე მულტილინგვური განათლების კონტექსტში.

 

კონფერენციის სამუშაო თემებია:

მულტილინგვური განათლების თეორია და პრაქტიკა; ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება (CLIL);

ენობრივი პოლიტიკის დაგეგმვა და მისი მნიშვნელობა მულტიკულტურული განათლებისა და მეორე ენის სწავლების თვალსაზრისით;

მეორე / უცხო ენის სწავლა / სწავლების მეთოდები და სტრატეგიები;

ელექტრონული / დისტანციური სწავლების ასპექტები და მულტიმედია მეორე ენის სწავლა/სწავლების კონტექსტში;

ინტერკულტურული / მულტიკულტურული განათლების ასპექტები;

მრავალფეროვანი კლასის მართვა და ენის სწავლება;

ენის სწავლების სოციოკულტურული და პრაგმატული ასპექტები.

წელს კონფერენცია მეოთხედ იმართება და მასში მონაწილეობას იღებს 100-ზე მეტი მონაწილე 13 ქვეყნიდან. წელს სიახლე ის, რომ კონფერენციის ორგანიზებაში აქტიურად ჩაერთო განათლების და მეცნიერების სამინისტრო; გარდა მულტილინგვური განათლების მიმნართულებით სტრატეგიული ხედვის წარმოდგენისა, სამინისტრომ ორგანიზება გაუწია  სკოლის პრაქტიკოს მასწავლებელთა ჩართვას - პედაგოგებისა, რომლებიც მუშაობენ ქართულის, როგორც მეორე ენისა და ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების საკითხებზე. ეს ხაზს უსვამს საქართველოში მულტილინგვური სწავლების მიდგომების დანერგვისა და განვითარების მნიშვნელობას.

მულტილინგვური განათლებისა და მეორე ენის სწავლების პრობლემებზე კონფერენცია პირველად 2008 წელს ჩატარდა.  2011 წელს ქალაქ ბათუმში (შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით) გაიმართა მეორე კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა 80-მდე მონაწილემ მიიღო. 2018 წელს გაიმართა მესამე კონფერენცია, რომელიც, ასევე,  დააფინანსა შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა და რომლის ორგანიზატორები იყვნენ თსუ, ტარტუს უნივერსიტეტი და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (საქართველო).კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 17 ქვეყნის წარმომადგენელმა 100-ზე მეტმა მომხსენებელმა.

მულტინგვური განათლების რეფორმა უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფო ენის სწავლების საკითხებს. ქართული ენის ფლობა დღემდე რჩება სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის არაქართულენოვანი მოსახლეობის უმთავრეს ხელისშემშლელ ფაქტორად სამოქალაქო ინტეგრაციის გზაზე. ჩვენი პარტნიორების - ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, ყველაზე ეფექტური და შედეგიანი გზა - მულტილინგვური განათლების რეფორმაა... ვიმედოვნებთ, მსგავსი მასშტაბური ფორუმები ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, უცხოელ კოლეგათა გამოცდილების გაზიარებას და, მეორე მხრივ - ენის სწავლების პროცესში კონკრეტული პრობლემური საკითხების გადაჭრის გზების ძიებასა და აზრთა ურთიერთგაზიარებას პრაქტიკოს ლექტორ-მასწავლებელთა შორის.

იხილეთ კონფერენციის ვებგვერდი: seltame.tsu.ge

თარიღი: 23/09/2021